იმ მძღოლებს, რომლებსაც ნასვამობის გამო შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა, ყოველგვარი მომართვის გარეშე, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის უფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ფართომასშტაბიან ამნისტიაზე საუბრისას.
„რაც შეეხება, ნარკოტიკების მოხმარებასა და ნარკოტიკულ დანაშაულს, აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ პირებს ვისაც აქვთ შეზღუდული მართვის უფლება, მათ უნდა მიმართონ მომსახურების სააგენტოს, წარუდგინონ კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა, რომ ისინი აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს და ამ შემთხვევაში მოხდება აღდგენა. ასევე, შეეხო ცვლილება იმ პირებსაც, ვინც გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლი, ასეთმა პირებმა უნდა მიმართონ პრობაციის სააგენტოში არსებულ მუდმივმოქმედ კომისიას და ის განიხილავს მათ საქმეებს“, - განაცხადა დარახველიძემ.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც საგზაო მოძრაობის მეტად მოწესრიგებას და მძღოლების, ასევე კანონდამრღვევი ქვეითების მიმართ ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრებას გულისხმობს.
„საუბარია მხოლოდ იმ ჯარიმების გაზრდაზე, რომელსაც აღარ აქვს პრევენციული ეფექტი. 40 ლარის გადახდა უწევს სიჩქარის გადამჭარბებელ მძღოლს და შეიძლება რაღაც კუთხით ადამიანს უღირდეს ამ ჯარიმის გადახდა. ასეთ დროს ჯარიმა პრევენციულ ეფექტს ვეღარ ახდენს და ხდება გადახედვა და გაზრდა ჯარიმების, არა იმიტომ როგორც ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შევავსოთ, არამედ ჩვენი ინტერესია, დაცული იყო საგზაო მოძრაობის წესები იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს გზებზე და ნაკლები ადამიანი გარდაიცვალოს“, - განაცხადა დარახველიძემ.








