რუსული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ცნობილი კანონიერი ქურდის, „მერაბ სოხუმსკის“ ძმა, ლევან ჯანგველაძე.

„ერთ-ერთი გავლენიანი კანონიერი ქურდის, „მერაბ სოხუმსკის“ ძმა, 60 წლის ლევან ჯანგველაძე, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.

მკვლელი დიდხანს ელოდა თავის მსხვერპლს რესტორანთან, რის შემდეგაც რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სოხუმსკის“ ძმაზე თავდასხმის დროს ცხრა ტყვია იყო გასროლილი, რომელთაგან ზოგიერთი ახლომდებარე კაფესაც მოხვდა და მინები ჩაამტვრია.


წინასწარი მონაცემებით, მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ჯანგველაძესა და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტს, „შაქრო მოლოდოის“ შორის არსებულ კონფლიქტს. ჯანგველაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უცხოეთიდან ნაცნობის დაკრძალვაზე იყო მისული, მოსკოვში სამ სტამბას ფლობდა.

ლევან ჯანგველაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მისი ძმის, „მერაბ სოხუმსკის“ მიერ ჩატარებულ ყველა კრიმინალურ დაპირისპირებაში და ჩართული იყო მისი საქმეების მართვაში, მათ შორის ლეგალურ ბიზნესში. კრიმინალურ წრეებში მის სახელს უკავშირებენ ისეთი კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობებს, როგორებიცაა „იაპონჩიკი“ (ვიაჩესლავ ივანკოვი) და „დედ ჰასანი“ (ასლან უსოიანი). მის ნაცნობებს შორის არის ტაგანსკაიას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი იგორ ჟირნოკლეევი, რომელსაც ადანაშაულებენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის, , წერს ტელეგრამის არხი Shot-ი.  

კრიმინალურ ამბებზე ორიენტირებული სააგენტო „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, ლევანი საკვანძო როლს ასრულებდა ძმის ორგანიზაციაში და არსებითად ორგანიზაციის „ტვინის“ ფუნქციას ასრულებდა. ის აგვარებდა ისეთ ფაქიზ საკითხებს, რომლებსაც თავად მერაბი სტატუსიდან გამომდინარე ვერ უმკლავდებოდა, მათ შორის, ლეგალურ ბიზნესს და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას.

ამბობენ, რომ ლევანი პასუხისმგებელი იყო ოჯახში ძალადობრივ ბლოკზე და პასუხისმგებელი იყო არაერთ გახმაურებულ ქმედებებზე, მათ შორის რუსეთის კრიმინალურ სამყაროში ისეთი გამოჩენილი ფიგურების ლიკვიდაციაზე, როგორებიც იყვნენ „იაპონჩიკი“ და „დედ ჰასანი“, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ "სოხუმელებთან". ამ ვერსიას ამაგრებს ის „მოკითხვა“, რომელიც თითქოსდა გადასცა მერაბს ჰასანის სულიერმა მემკვიდრემ, ლაშა შუშანაშვილმა. მერაბის კიდევ ერთი ფუნდამენტური „მოსისხლე მტერი“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა ხალხმა დათო ოზმანოვი დაჭრეს, არის ქურდების იერარქიის სათავეში მყოფი „შაქრო მოლოდოი“, - წერს „პრაიმ კრაიმი“.