საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურატურამ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი და ღარიბაშვილის მიმართ ბრალდების ფორმულირება შეიცვალა.

ადვოკატის განმარტებით, ღარიბაშვილს დარჩა 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალი.

კერძოდ, მიხეილ შაყულაშვილის თქმით, საუბარია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ არის სამოხელეო დანაშაული.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული – ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს. კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ზედმიწევნით შესრულებული ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი. დარჩა ბრალი, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. კერძოდ, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტი. გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმებით სასჯელად განესაზღვრა 5 წელი, პლუს ერთი მილიონი ლარი ჯარიმა, ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული. დანაშაული არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. მოგეხსენებათ, როდესაც ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, როგორც თვიური, ასევე წლიური, ა.შ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, დღგ-ის გადასახადებს და ყველაფერს, ხომ? ეს დეკლარაციები რადგან არ იყო შევსებული, არის დანაშაული. შემოსავლები კი არ დამალა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჰქვია მაგ ყველაფერს“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ამავდროულად, ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს არ მიუცია და არც აპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას.

„ითანამშრომლა თავის თავზე უკვე“, – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს წარედგინა ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში და მან აღიარა დანაშაული.

„ამ საქმეში სხვა თემაზე არ უკითხავთ. ამ ეტაპზე არავის არაფერი უსაუბრია ახალ ბრალზე ან ძველ ბრალზე. მარტივია – წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში. დააკისრეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებული 6 მილიონ-ნახევარი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ის ოქროულობები, საათები და ა.შ. რაღაც ნივთები, არცერთი ბატონი ირაკლის არ ყოფილა. მისი სახლიდან ამოღებული იყო „ფლეშკები“, ამდაგვარი რაღაცები და 6 მილიონ-ნახევარი დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ყველა პატიმარს, ყველა ბრალდებულს, ირაკლი ღარიბაშვილსაც აქვს უფლებები ე.წ. უდოზე, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, თუმცა არ იცის, აპირებს თუ არა, მიმართოს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ასეთი რამ არ გაუჟღერებია არავის“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.