5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, - ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.