საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.  მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.