რუბრიკის - ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 24 წლის წარმატებულ მეწარმეს, ლევან კვაშილავას გაგაცნობთ:

მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთობლივი პროგრამის - „მწვანე და აგროსტიპენდიების“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 64 წარჩინებული სტუდენტს - 10 უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან, მწვანე და აგროსტიპენდიები გადაეცა, რომელთა შორისაა, ჩვენი ქალაქის მკვიდრი, ახალგაზრდა მეწარმე, ლევან კვაშილავა.

ვულოცავთ ლევანს მოპოვებულ წარმატებას.

ლევან კვაშილავა - სახელმწიფოს და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.

ის აფხაზეთიდან დევნილია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პანდემიის პერიოდში, საცხოვრებლად, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში გადმოვიდა.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა, მან აქტიური სამეურნეო  საქმიანობა დაიწყო.  ის ეგზოტიკური ფრინველების მოშენებით დაინტერესდა.

ლევანმა ეგზოტიკული ფრინველების ფერმა შექმნა. ამ ეტაპზე, 16 სახეობის დეკორატიული ქათმები, ასევე - წითელი ინდაურები, ფარშევანგები, იშვიათი ჯიშის იხვები მოაშენა.

ლევანმა, ასევე წარმატებით დაამთავრა ვეტერინარიის ფაკულტეტი - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო ცენტრში. ამ ეტაპზე სწავლობს კოლეჯში ,,ფაზისი“, სადაც ეუფლება ბაღჩეულისა და ბოსტნეულის დახურულ გრუნტში მოყვანის მიმართულებას. 

ლევან კვაშილავა: ,,საქართველოს მთავრობა მეწარმეებისა და ფერმერების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც შედეგები სენაკის მუნიციპალიტეტშიც მოიტანა. მონაწილეობა მივიღე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის გამარჯვებული გავხდი და შესაბამისი დაფინანსებაც მოვიპოვე.

ჩვენთვის, ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავს საგრანტო პროექტებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართულები საგანმანათლებლო, პროფესიულ ტრენინგებსა და  კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში, რაც ჩვენი საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ - აღნიშნა ლევან კვაშილავამ.