აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა, ყველა ადმინისტარციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა

მისივე თქმით, დღეს, ქობულეთში, საკოორდინაციო შტაბის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა, დეტალურად განიხილეს ყველა ის გამოწვევა, რომელიც სტიქიას უკავშირდება.

„უხვი ნალექის და თოვლის შედეგად, აჭარის რეგიონში შეიქმნა გარკვეული გამოწვევები. დღეის მდგომარეობით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა. დღეს, ქობულეთში იმართება საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველა ის გამოწვევა, რომელიც სტიქიას უკავშირდება. 
ამ დღეების განმავლობაში, გამოწვევები იყო, როგორც დაბალ დასახლებებში, მათ შორის, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში, ასევე გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება მაღალმთიან აჭარაში. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადმინისტარციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, როგორც ქობულეთში, ისე ბათუმში. უკვე აღდგა და დაიწყო მოძრაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და შემდეგი საათების განმავლობაში მოხდება უკვე დარჩენილ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულება. ბათუმში შეუფერხებლად მიმდინარეობს კომუნალური სერვისების მიწოდება, როგორც ელექტრომომარაგება, ისე გაზმომარაგება და წყალმომარაგება. ჩვენ, მაქსმალურად ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ცენტრალურ უწყებასთან ერთად, რომ ეს გამოწვევები იყოს მინიმალიზირებული და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.