აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცედ გამოხატა ქართული ოცნების მხარდაჭერა. 

,,კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველის ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მტკიცედ გამოხატა მისი ნება, რომ ისინი მხარს უჭერენ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკას, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს, არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.   

,,ეს, რა თქმა უნდა, არის იმედგაცრუება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ქვეყანაში. ხალხის ძალა არის უზენაესი და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოთ. ძალას და ხალხის ნებას ძალით ვერავინ ვერ შეცვლის. შესაბამისად, დღევანდელი დღეც არის მაგალითი, რომ ამ არჩევნების შედეგები, რომელიც არის ძალიან ცხადი ყველასთვის, არის ლეგიტიმური, გვაძლევს იმის აბსოლუტურ საშუალებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ხალხის სამსახური და ყველა ის საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რაც გვქონდა დაწყებული.