დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განათლების კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
,,განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება. 132 მლნ ლარს შეადგენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება. შესაბამისად, იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა. 7 ახალი სკოლა აშენდა ბლო წლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 2003-1012 წლებში არცერთი სკოლა არ აშენებულა ბათუმში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რაც იქნება ასახული როგორც სამინისტროს შესაბამის ამოცანებში, ასევე ბიუჯეტის დაგეგმარების დროს“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურის მუშაკთა და სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაზე.
,,იზრდება დაფინანსება კულტურის სფეროს მუშაკთა წახალისების, მათი მხარდაჭერის კუთხით. გაიზარდა დაფინანსება სპორტის და განათლების მიმართულებით, ასევე, სპორტული ფედერაციების კუთხით. შედეგებიც მეტყველებს, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სტიმული აქვთ სპორტსმენებს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომლის შედეგად მოჭიდავეს, 2023 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლერი აბულაძეს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.
,,მოგეხსენებათ, რომ სპორტული მიღწევების კუთხით მნიშვნელოვანი წელი იყო აჭარისთვის. ასე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ლერი აბულაძეს, ჩვენ სახელოვან მოჭიდავეს გადაეცეს ბინა შესაბამისი ფონდიდან და ამით დავუფასოთ ის შედეგები, რომელიც აქვს მიმდინარე წელს"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამითიზრდება სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რისთვისაც 36 მლნ. ლარის პროექტები განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.