თელავში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ილუმინაციები მონტაჟდება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.
,,როგორც შარშან და შარშანწინ, წელსაც თელავი განსაკუთრებულად ემზადება ახალი წლისთვის. ცენტრალურ ქუჩებზე ამ დროისთვის მიმდინარეობს. საახალწლოდ მოირთვება ერეკლე მეორის გამზირი, ასევე რუსთაველის, აღმაშენებლის, ქეთევან წამებულის და სააკაძის ქუჩები. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ყველა ძირითადი ქუჩა საახალწლოდ იქნება განათებული.
გარდა განათებებისა, ქალაქში ასევე განთავსდება სხვადასხვა საახალწლო ილუმინაციები და განათებული ფიგურები. ვფიქრობ, რომ ეს საახალწლო განწყობას უფრო მეტად აამაღლებს. საინტერესო კიდევ ის არის, რომ წელს თელავში გვექნება 2 ნაძვის ხე, ერთი დაიდგმება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მეორე კი_ ალაზნის გამზირის და კავკასიონის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში. ჩვენ სოფლების მოსახლეობასაც გვინდა რომ გული არ დავწყვიტოთ. ერთ ნაძვის ხეს დავდგავთ ჯუღაანის პარკში, ხოლო მეორეს_ წინანდალში, სამუსიკო სასწავლებლის მოპირდაპირე მხარეს’’,– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რადგან ხარჯების დათვლის პროცესში არიან.
,,ამ მიმართულები თანხები ყოველ წელს იხარჯება და ეს გასაკვირი არ არის. რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ჯერ-ჯერობით ამის დათვლის პროცესში ვართ. გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი განსხვავებული იყოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს თანხის ნაწილში ცვლილებები.
საახალწლო ღონისძიებებისთვის წინასწარ გვქონდა ჩვენ თანხა გამოყოფილი და შესაძლოა, არ მოხდეს მისი სრულად ათვისება. თანხა დაიხარჯება ახალი ნაძვის ხის შესაძენად. ახალი ნაძვის ხე საჭირო იყო, რადგან წინა წელს, ვანდალური ფაქტის გამო, ნაძვის ხე დაზიანდა. მოხდა მისი აღდგენა, მაგრამ მას ჰქონდა ტექნიკური პრობლემები, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაძვის ხე შეგვეძინა და ქალაქი არ დარჩენილიყო მის გარეშე. ქარის ან სხვა მიზეზის გამო, შესაძლებელია მისი აწყობა ვეღარ მომხდარიყო “,- აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი.
თელავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 23 დეკემბერს აინთება.