ინიციატორებმა დღეს კლუბი ოფიციალურად დაარეგისტრირეს. კლუბის ხელმძღვანელის, გვანცა ქეშიკაშვილის თქმით, მისმა იდეამ ,,60+ ბებია-პაპების კლუბის” შექმნასთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
მისივე თქმით, 60+ ასაკის მოქალაქეებს ბევრ აქტივობებს შესთავაზებენ, რომლის მეშვეობითაც ისინი საკუთარი უნარების და თავის რეალიზებას შეძლებენ და დროს ნაყოფიერად გაატარებენ. ,,მსგავსი კლუბის შექმნის იდეა დიდი ხანია მქონდა. თელავის მერიის მიერ წელს გამოცხადდა კონკურსი ინიციატივების დაფინანსებაზე და სწორედ ამ საკითხზე დავწერეთ პროექტი. კონკურსში 10-დან დაფინანსდა 3 პროექტი და აქედან ერთ-ერთი ჩემი იყო. მუნიციპალიტეტის მერს ეს იდეა ძალიან მოეწონა და მხარდაჭერას დაგვპირდა. მერიამ ასევე მოგვიძია და დაგვითმო ოთახი ოფისისთვის. მე შევკარი გუნდი, რომლის წევრებიც ჩემი მეგობრები და ახლობლები არიან. ჩამოწერილი გვაქვს სამომავლო გეგმები და აქტივობები. ეს კლუბი ისეთი ასაკის ხალხისთვის იქნება, ვინც სახლშია და თავისი თავის რეალიზებას ვერ ახერხებს. ჩვენი დახმარებით ისინი გააქტიურდებიან და გახალისდებიან. ამ ეტაპზე გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, რომ კლუბმა აქტიურად დაიწყოს ფუნქციონირება. ამ დროისთვის, კლუბში ვართ 5 წევრი და როცა გვექნება ლოგო და მოწყობილი ოფისი, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას. იმედი გვაქვს, რომ ბევრი წევრი გვეყოლება და ჩვენს ყველა იდეას სისრულეში მოვიყვანთ. უახლოეს პერიოდში გვექნება კლუბის პრეზენტაცია, რომ ხალხს გავაცნოთ რას ვგეგმავთ და რას გავაკეთებთ." ' განაცხადა კლუბის ხელმძღვანელმა გვანცა ქეშიკაშვილმა.




