თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეუნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები დაზიანდა.
პირველადი მონაცემებით, სოფლებში - რუისპირსა და ვარდისუბანში სეტყვის შედეგად ჯამში, 150 ჰა ვენახის ფართობია დაზიანებული. განცხადებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში - რუისპირი და ვარდისუბანი, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დაზიანდა. პირველადი მონაცემების საფუძველზე, სოფელ რუისპირში სეტყვის შედეგად დაზიანებულია 100 ჰა ვენახის ფართობი, ხოლო სოფელ ვარდისუბანში დაზიანდა 50 ჰა ვენახის ფართობი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში
მიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებები გატარება. კერძოდ, სახელმწიფო საწარმო შპს
"მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი მიიღოს 1 კგ 1 ლარად სხვადასხვა ლოკაციაზე.
მევენახე - ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი.,, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისათვის, თელავი და მიმდებარე სოფლები გუშინაც დაისეტყვა. სტიქია იყო ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ დაზარალდა სოფელი შილდაში, სადაც დაზიანდა ხეხილის ბაღები და ვენახების მცირე ნაწილი.