საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს.
თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთებზე მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების, გზის საფუძვლის და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზა, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). პროექტის ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.
კახეთის მიმართულებით მშენებარე ახალი გზები სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რითაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.