სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიასა და ნოდარ კანკიას ხსოვნას და გმირების ბიუსტები ყვავილებით შეამკეს.
"27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს და საქართველოს ერთიანობას. მჯერა, რომ მშვიდობიანი გზით შესაძლებელია ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას ჩვენი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს,” - განაცხადა სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ლიტერატურული კომპოზიცია.
სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა კვირეული, რომლის ფარგლებში, ჟიული შარტავას მუზეუმსა და ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო თემატური გამოფენები, ექსკურსია-გაკვეთილები, ლიტერატურული კომპოზიციები, ღია გაკვეთილი ჩატარდა გმირის სახელობის კლას-კაბინეტში, გაიმართა ჟიული შარტავას სახელობის ღია ტურნირი ჭადრაკში, ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასის სპექტაკლი ,,ჯვარცმული ბედნიერება“.
სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.