დღეს სენაკში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის, თემურ ბოკუჩავას საფლავი.
დღის მანძილზე თემატური გამოფენები მოეწყო ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკასა და ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება გაუწია.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
,,ეს დღე გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, თემურ ბოკუჩავას, ლევან თეფანიას, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.
ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი დროის გმირების წინაშე. მათი თავდადების მაგალითზე თაობები აღიზრდებიან,“ - სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
One attachment
• Scanned by Gmail