განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, როგორ შეიძლება, განაწილდეს საუნივერსიტეტო მიმართულებები თბილისსა და რეგიონულ უნივერსიტეტებში.

„სტუდენტების კონცენტრაციის კონტექსტში დღეს გვაქვს დისბალანსი იმიტომ, რომ სტუდენტების 85% თბილისშია კონცენტრირებული და 15% არის ქუთაისსა და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებში. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ მიგრაციული პროცესები და ქალაქის მოსახლეობის ზრდა ასევე განპირობებულია რეგიონებიდან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მიგრაციით.

ამიტომ ჩვენ გვინდა, შევქმნათ მეორე დამატებითი სასწავლო კერა და ამ კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი პლაცდარმი იმისა, რომ ქუთაისი გახდება მეორე საუნივერსიტეტო კერა, სადაც ყველა ფაკულტეტი, რაც კი არსებობს, ყველა მიმართულება იქნება დანერგილი ისევე, როგორც ეს არის თბილისში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავანაწილოთ რესურსები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ფორმულის - „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ და სხვადასხვა უნივერსიტეტში ფაკულტეტების დუბლირების საკითხზე.

„პრემიერმა გუშინ ამის თაობაზეც ისაუბრა - ჩვენ გვინდა, კონკრეტული პროფილური მიმართულებები მივცეთ რეგიონულ უნივერსიტეტებს და ძირითადში ეს აისახება იმ მზარდი მოთხოვნილებით, როგორიც არის აგრარული სექტორის და პედაგოგიური მიმართულებები.

რაც შეეხება ფორმულას ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, ეს ეხება ძირითადად თბილისსა და ქუთაისს. ანუ ამ ორ ლოკაციაზეა საუბარი. დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში გვაქვს არაერთი დუბლირება. მაგალითად ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ტრადიციულად ახორციელებს სამედიცინო მიმართულებით კადრების აღზრდას და და მომზადებას და ამავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ფაკულტეტი, რომელზეც ასევე სამედიცინო სწავლება მიმდინარეობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფილი ეს არ არის, ამიტომ იქ ეს ფაკულტეტი ფიზიკურად ვეღარ უნდა იყოს ამ კონცეფციიდან გამომდინარე. ეს არ ეხება მოქმედ სტუდენტებს.

ანალოგიურად არის იურიდიული ფაკულტეტი. იურიდიული ფაკულტეტი ჩვენ გვაქვს თბილისში არაერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ტრადიციულად იურიდიული ფაკულტეტი ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან იურიდიული ფაკულტეტი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.

ადგილების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული იქნება ბაზრის კვლევასთან“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების სამინისტროს ჩართულობა, არამედ ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ბიზნესსექტორთან იმიტომ, რომ ბიზნესის მონაწილეობა პირდაპირ უზრუნველყოფს იმას, რომ მივიღოთ დაკვეთა, რა მიმართულებებზე სჭირდებათ მათ მხარდაჭერა“, - განაცხადა მიქანაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა: „გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში“.