ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სემინარი თემაზე: „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - რეალობა და პერსპექტივები“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა ისე უცხოელმა სპეციალისტებმა.


აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მსგავს სემინარებს ყოველწლიურად ატარებს, რომლის მეშვეობითაც ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი შავი ზღვის აუზის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სპეციალისტთა შორის კომუნიკაციის გაზრდა და პერსპექტივაში ახალი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ურთიერთობების ორგანიზება.  
კონფერენცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო  და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამეცნიერო ღონისძების თემატიკა მოიცავდა ეთნოლოგიის, ისტორიისა და ფოლკლორის სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებას.  
სემინარს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქ. ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე, საქართველოს ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.