ქარმა ძირითადად სახურავები დააზიანა. დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას ურიგდება გადასახური მასალა, რომელსაც ყველა დაზარალებულ ოჯახს ადგილზე მიუტანენ.
გადასახური მასალის განაწილების პროცესს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
„დავიწყეთ მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება. როგორც კი ამინდმა საშუალება მოგვცა, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დაზიანებული სახურავების დემონტაჟი და ჩაატარეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები. დღეს კი, დილიდანვე, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გავანაწილეთ სხვადასხვა სახის გადასახური მასალა. დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებზე გადაეცემათ ეს მასალა, რათა დროულად შეძლონ შენობების გადახურვა.“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.