ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
სასულიერო პირებმა ომში დაღუპულებს პანაშვიდი გადაუხადეს.
იოსებ ხახალეიშვილი სახლში ესტუმრა ქუთაისელ ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს და გამარჯვების დღე მიულოცა.
" 79 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე განსაკუთრებულად ძვირფასია მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, რომლებიც ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით.
ბატონი შოთა ჩიხლაძე ერთ-ერთი მათგანია. დღეს სახლში ვესტუმრე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს და გამარჯვების დღე მივულოცე.
102 წლის ვეტერანს ნათლად ახსოვს ომის დღეების ტკივილი, გამარჯვების სიხარული და კარგად იცის მშვიდობის ფასი.
პატივი და დიდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და გმირებს!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ სამი მონაწილეა დარჩენილი.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.