რეზო გეგიძეს გამოძიება 17 ივნისს, „ოცნების ქალაქში" მომხდარ ჯგუფურად ჩადენილი დაჭრის ფაქტის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
რეზო გეგიძე პროკურატურამ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლა. ის სამი დღე დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო მოთავსებული.
პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გეგიძის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს და დადასტურდა, რომ 17 ივნისს, როდესაც დანაშაული მოხდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გამოძიება ამ მიმართულებითაც გრძელდება.
ოჯახის წევრების განცხადებით, გეგიძე სამართალდამცველებმა ორი ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე, უკანონოდ სპეცოპერაციით დააკავეს, რომ არა სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებული ჩანაწერები და იქ მყოფი პირების ჩვენებები, რეზო გეგიძე უკანონო პატიმარი იქნებოდა და ვერც დაამტკიცებდა მის უდანაშაულობას.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელიც გამოძიების ვერსიით 17 ივნისს ჯგუფურად მომხდარი დაჭრის საქმეში ფიგურირებს, ის მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულს 19 ჭრილობა აქვს მიყენებული და ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.