თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე დაკავებულ ფსიქიატრს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ფსიქიატრი წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტი მისივე თხოვნის საფუძველზე, საკუთარ პაციენტს დამატებით დაუნიშნა.
საქმის პროკურორი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
ცნობისათვის, დაკავებულ ფსიქიატრს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად, განკუთვნილი რეცეპტების სისტემატიურად გაცემას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.