ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

50 კმ-იანი საავტომობილო გზის პროექტი გზის პირველი მონაკვეთის – ძირულა- მოლითის 25 კმ-ის –რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.


ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, გზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით კიკნაძესთან და საკრებულოს წევრებთან – პაატა გოგოლაძესთან, ბესიკ კვირკაშვილთან და შალვა ლურსმანაშვილთან ერთად გაეცნო.


პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.


რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრები დაახლოებით 7 000 მოქალაქის გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ კავშირს როგორც მუნიციპალიტეტის შიდა, ისე საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელთან.