ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კურორტ აბასთუმნისა და ზეკარის უღელტეხილის მიმდებარედ, ინოვაციური სისტემა დაინერგა, რომელიც დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტყის ხანძრების ადრეულ აღმოჩენასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.

ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის მართვას, გააძლიერებს ეკოსისტემის დაცვას და გაზრდის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.


„ზაფხულის ცხელ პერიოდში, საქართველოს ტყის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ხანძარსაშიშ ტერიტორიას. აღნიშნული გამოწვევა დგას დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ტყეებშიც. პროექტი, რომელიც ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკში განხორციელდა, ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს დისტანციურად მოხდეს ხანძრების აღმოჩენა და დროული რეაგირება ჩვენი რეინჯერების მიერ“- აღნიშნა დაცული
ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ.


ახალი სისტემა „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით ახდენს მონაცემთა ანალიზს და იმ  ინფორმაციის მოწოდებას ონლაინ რეჟიმში, როგორიცაა:
 ხანძრის ადრეული აღმოჩენა და რეაგირება – ტექნოლოგია აფიქსირებს ხანძარს საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი გავრცელების რისკს.
 ზუსტი მიგნება - უზრუნველყოფს ხანძრის მდებარეობისა და გავრცელების მიმართულების დადგენას.
 დაზიანებული ტერიტორიების შეფასება – ანალიზი ეხმარება გარემოს აღდგენის პროცესის დროულ დაგეგმვასა და განხორციელებას.
 მუდმივი მონიტორინგი და პროგნოზირება – სისტემა აფასებს რისკებს და ხელს უწყობს პრევენციული ზომების დაგეგმვას.პროექტი „ტექნიკური დახმარება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტყის ხანძრის გამოვლენის ინტეგრირებული მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის  დასამონტაჟებლად, ინოვაციური დისტანციური ტექნოლოგიებით საქართველოში“ განხორციელდა ა(ა)იპ „საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ მიერ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით, დაცული
ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის მჭიდრო თანამშრომლობით.