კიდევ ერთი სიახლე „სთარინგ ჯორჯიის“ ეკოსისტემაში – მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი „დინოტოპია“ გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას „სთარინგ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „დინოტოპია“ შეკვეთილში, „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე შემეცნებით-გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.
„საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს „აკვა ცენტრისგან“ შეიძინა ფონდმა „ქართუმ“ და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. „სთარინგ ჯორჯიის“ მიზანია, „დინოტოპიამ“ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მოიზიდოს“, – ნათქვამია „სთარინგ ჯორჯიის“ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, „სთარინგ ჯორჯიის“ ცნობით, ეს იქნება საუკეთესო სივრცე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
„სთარინგ ჯორჯია“ რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და გასართობ-შემეცნებით გამოცდილებებს აერთიანებს. „სთარინგ ჯორჯის“ ეკოსისტემა მოიცავს: „ბლექ სი არენას“, სოციალურ სივრცეს, „მუსიკოსთა პარკს“, „ციცინათელას“ პარკს, პარკს „საქართველო მინიატურებში“ და ფილარმონიას. მალე ამ ყველაფერს „ჰეკატეს ბაღი“ და „დინოტოპია“ შეემატება“, – ნათქვამია „სთარინგ ჯორჯიის“ ინფორმაციაში.












