საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან - ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, გზების საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს სტრატეგიისა და ხედვის გაზიარება, ასევე გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტირების კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და თანამშრომლობის გაუმჯობესება.


მხარეებმა იმსჯელეს იმ ძირითად პრობლემებზე, რაც ხშირად იწვევს სამშენებლო პროცესის გაჭიანურებას და მოქმედებს სამუშაოების ხარისხზე. საუბარი შეეხო საპროექტო ეტაპზე არსებულ ხარვეზებს, პროექტების და ტექნიკური დავალებების ხარისხს და მათ გავლენას საბოლოო შედეგებზე.


ხშირად განხორციელებული ცვლილებები უკვე დამტკიცებულ პროექტებში ზრდის ხარჯებს და მოქმედებს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე, ხოლო ამ პროცესების შესწავლასა და გარკვევას დამატებითი დრო და რესურსი სჭირდება. 


სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, არსებული მიდგომები საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას.
საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ექსპერტიზის სისტემის გაუმჯობესებაზეც. მათი შეფასებით, აუცილებელია ობიექტური და ხარისხიანი ექსპერტიზის უზრუნველყოფა დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ.


აღნიშნულ საკითხზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მომავალში პროექტების ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაუტარებენ. ამასთან, სამინისტრო გაამკაცრებს მიდგომებს პროექტების ხარისხის კონტროლის კუთხით.


გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ტექნიკური ნორმების და მოქმედი რეგლამენტების გადახედვის საჭიროებაც.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება, სისტემურიგაუმჯობესება და საპროექტო სექტორის გაძლიერება აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და დროულად განსახორციელებლად.