,,მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, არის გამოწვევებიც, რომელზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, მესტიის ისტორიული ზონის რეაბილიტაცია და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც აუცილებელია ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის და მეორე მხრივ,
ტურიზმის განვითარებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდი-მესტიის გზის რეაბილიტაციისთვის, თუმცა არის გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც ათწლეულებია არსებობს, შევეცდებით, რომ სწორი საინჟინრო გადაწყვეტები მოვნახოთ მათ გადასაჭრელად”-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ
რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.
რევაზ სოხაძე, ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შედეგებსა და გამოწვევებს, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
იგეგმება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ხიდებისა და საყრდენი კედლების შეკეთება, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. პროექტის ღირებულება 43.6 მლნ ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მინისტრმა ადგილზე დაათვალიერა მდინარე ნენსკრას ხეობაში მდებარე ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. იგეგმება ცემენტ-ბეტონის საფარის, ქვედა საყრდენი კედლების და ახალი სახიდე გადასასვლელის აშენება მდინარე ნენსკრაზე.
მიმდინარეობს ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა. მოეწყობა ასფალტის საფარი, რკინა-ბეტონის კედლები და ზღუდარები. პროექტის ღირებულება 670 ათას ლარამდეა. მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და ურბანული პროექტებიც მოინახულა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ზოგიერთ საბავშვო ბაღში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სამინისტრო საქმის სრული ანალიზის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს პრობლემის გადასაჭრელად.
,,ქალაქებისა და კურორტების განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში, მესტიის ცენტრალური ქუჩის, ხოლო სოფელ ჭოლაში წყალმომარაგებისა და სამანქანო გზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მინისტრმა, ასევე დაათვალიერა ლაღამის უბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მოიცავს 20-ზე მეტი ისტორიული შენობის, მათ შორის კოშკებისა და მაჩუბების რესტავრაციას. გათვალისწინებულია, ტრადიციული არქიტექტურული შენობების რეკონსტრუქცია და კონსერვაცია, რაც ლაღამის უბანს ავთენტურობას შეუნარჩუნებს.