გურჯაანში სტიქიის შედეგებს ითვლიან. მუნიციპალიტეტის სამი სოფელი სეტყვამ გუშინ ღამით დააზარალა. სეტყვა იყო სოფელ კოლაგში, ჩუმლაყსა და ბაკურციხეში. დაზიანებულია ვენახები, ატმისა და გარგარის ბაღები.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი წვიმა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც სასოფლო სამეურნეო სავარგულების გარდა, სოფლის გზებიც დააზიანა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობას კომისიები სწავლობენ.
"მერის წარმომადგენლები სოფლებში ვეჯინში, კოლაგსა და ბაკურციხეში დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ. სეტყვისგან მიყენებული ზარალი საშუალო დონის არის. მოსახლეობის ნაწილს ჰქონდა დაზღვეული და შესაბამისი კომისიები სწავლობენ ზარალს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ისარგებლონ მოსავლის დაზღვევის პროგრამით, რომელიც სტიქიის შემთხვევაში ზარალს ანაზღაურებს" - განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ხვიჩა სიმონიშვილმა.