27-28 მაისს, გურჯაანში ღვინოთონი ჩატარდება. ღონისძიება გურჯაანის ტექნოპარკისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
ღვინოთონის მიზანია მეღვინეობის სექტორში პრობლემების მოკვლევა და შემდეგ მისი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ან კონკრეტული პროტოტიპის შექმნა.
ჰაკათონი, რომელში მონაწილეობაც 16 წლის ზევით ადამიანებს შეუძლიათ, გურჯაანის ტექნოპარკში ჩატარდება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისარგებლონ ფაბლაბში, მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით.
„ ღვინოთონი, ჩვენთვის, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. მეღვინეობის სფეროში პრობლემების გამოკვეთა და ახალი იდეების გენერირება სექტორს განვითარებაში დაეხმარება. გურჯაანის ტექნოპარკთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და ღვინოთონიც ერთ-ერთია. ვისარგელებ შემთხვევით და ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“ , - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.
ღვინოთონის კონკურსის გამარჯვებულს საჩუქრად ტექნოპარკის დაწესებული 5000 ლარიანი გრანტი გადაეცემა.
„ღვინოთონი” გურჯაანის ტექნოპარკის სავიზიტო ბარათი გახდა. ,,ღვინოთონი 2021-ის” წარმატებამ მოგვცა სტიმული პროექტი კვლავაც განმეორებულიყო. ღვინოთონი 2021-ის მონაწილეები მოგვიანებით GITA-ს, ჩვენი სააგენტოს,რეგიონალური გრანტის გამარჯვებულები გახდენენ და ღვინოთონში დაბადებული იდეები რეალურ საქმიანობად აქციეს. ეს კი პროექტისთვის საუკეთესო შედეგია. იმედი გვაქვს, ,,ღვინოთონი 2023” ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს“, - გვითხრა გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერმა ელენე გოგოლაშვილმა.
ღვინოთონში რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 მაისია. დეტალები შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე https://shorturl.at/jnqNU