ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი. 
„1989 წლის 9 აპრილი - დღე, რომელსაც ახლავს უდიდესი ტკივილის და სიამაყის განცდა. დღე, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი მთავარი ღირებულებების, თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარშემო. ოზურგეთში პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის, აფხაზეთის ომში გარდაცვლილი მებრძოლებისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ხსოვნას. დიდება ჩვენს გმირებს! მადლობა თავისუფლებისთვის!“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.