გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ კალაძე ავჭალაში, ე.წ. ტიტანიკის კორპუსში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა. გამგებელმა აღნიშნა, რომ კორპუსის მცხოვრებლებს არაერთხელ შესთავაზეს ქირით დაკმაყოფილება, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
"ეს კორპუსი არის ავარიულ მდგომარეობაში, აქვს შესაბამისი კატეგორია მინიჭებული. მოსახლეობასთან წლების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, როგორც წინა გამგებლებს, ასევე მეც. ჩვენი მხრიდან, წლების განმავლობაში, არაერთგზის გაკეთდა შეთავაზება ქირასთან დაკავშირებით.
ინტერვიუ ვნახე ერთ-ერთი მცხოვრებლის, რომელიც საუბრობდა, რომ გამგეობისა და მერიის მხრიდან არ ყოფილა შეთავაზება და ზუსტად იმ ქალბატონთან გაგზავნილი წერილი მაქვს - თავად ამ ქალბატონის ხელმოწერილია, რომ მან ეს წერილი ჩაიბარა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გამგეობა წლების განმავლობაში სთავაზობს ამ ადამიანებს ქირით უზრუნველყოფას, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ შეთავაზებას," - აცხადებს გამგებელი.
შეგახსენებთ, რომ ავჭალაში, ე.წ. ტიტანიკის ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.