N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 24-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებმა  საკუთარი ნების დაფიქსირება  08:00 საათიდან დაიწყეს. 

N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არცერთ  საარჩევნო უბანზე შეფერხება არ ყოფილა და  საჩივარი არ დაწერილა.

ცნობისათვის, ფოთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ქართული ოცნება", „გახარია საქართველოსთვის", „ძლიერი საქართველო - ლელო" და „კონსერვატორები საქართველოსთვის". მერობის კანდიდატი მხოლოდ მოქმედი მერი „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ბექა ვაჭარაძეა.

ფოთში სულ 40 511  ამომრჩეველია რეგისტრირებული.  24-ვე საარჩევნო უბანი,  ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს საარჩევნო პროცესს.