N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: ,,ქართული ოცნება", ,,გახარია საქართველოსთვის", ,,ძლიერი საქართველო - ლელო" და ,,კონსერვატორები საქართველოსთვის".
მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ბექა ვაჭარაძეა. მას კონკურენტი არ ჰყავს.
,,ფოთში წინა საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერიც ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაივლის და ასე მშვიდად გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას",- განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
ბოლო მონაცემებით, ფოთში სულ 40 417 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 4 ოქტომბერს N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 24-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნება, ხოლო ამომრჩეველი საკუთარი ნების დაფიქსირებას ჩვეულებისამებრ 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეძლებს.
კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდება.