ისტორიის მუზეუმის შენობა (კოლხური კულტურის მუზეუმი) გამოირჩევა თავისი არქიტექტურული იერსახითა და განსაკუთრებული სამშენებლო ოსტატობით. ის ქალაქ ფოთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ მისი ექსტერიერი და ინტერიერი მუზეუმის აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

 როგორც ფასადის, ასევე ინტერიერის კედლებისა და ჭერის ბათქაშის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია, საღებავი შელახულია, გასამყარებელია ცოკოლისა და სართულშუა გადახურვის კოჭები, გამოსაცვლელია დაზიანებული კარ-ფანჯარა, მოსაწყობია საინჟინრო კომუნიკაციები, სახანძრო სიგნალიზაცია, აღსადგენია ჭიშკარი და ღობე.

2023 წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა გადაუდებელი და აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც ძველი ამორტიზებული სახურავი სრულად შეიცვალა და შენობაში შეწყდა წყლის ჩადინება. სამუშაოებისთვის დაიხარჯა 91 000 ლარი.

2023 წლიდან შენობის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გადმოიბარა. პროექტის განხორციელების შედეგად სრულად განახლდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დაცული იქნება სამუზეუმო მოთხოვნები და შენობა ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ამ ეტაპზე შენობის პირველი სართულის კედლებიდან მოხსნილია დაზიანებული ნალესი და დამუშავებულია მთავარი ფასადი. მიმდინარეობს სართულშუა გადახურვის დემონტაჟი, იცვლება კოროზირებული ლითონის კოჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „არქიტრავმა“ 2024 წლის 1 მარტს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის სააგენტოს მიერ გამოყოფილია 887 129 ლარი.
კოლხური კულტურის მუზეუმის შენობა დაპროექტებულია 1907 წელს ინჟინერ-არქიტექტორ ედმონს ფრიკის მიერ.

თავდაპირველად იგი აიგო საცხოვრებელ სახლად და ამ დანიშნულებისა იყო 1921 წლამდე, რის შემდეგაც, 1978 წლამდე, შენობაში განთავსებული იყო ქ. ფოთის აღმასრულებელი კომიტეტი. ამჟამად შენობაში მოქმედ კოლხური კულტურის მუზეუმში დაცულია ძველი კოლხეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოსა და რკინის ხანის არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული ხატები, წმინდა წიგნები და სხვა ექსპონატები.