სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან ერთად, მინი სპორტული მოედნის, ხიდების რეაბილიტაციის და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარეობს მინი მოედნის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს სტადიონის შემოღობვას, ხელოვნური საფარის მოწყობასა და განათების დამონტაჟებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოედანზე განთავსდება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის ფარები. მაყურებლებისთვის დამონტაჟებულია ტრიბუნები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით 254 000 ლარით ფინანსდება.
სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის სიგრძე 43, ხოლო სიგანე 9 მეტრია. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 965 533 ლარით დაფინანსდა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 792 477ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 161, ხოლო სიგანე 9,50 მეტრი იქნება.
სოფელ ქვედა ჩხოროწყუს ცენტრში გზის მონაკვეთის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო, ასევე სანიაღვრე არხები და წყალგამტარი ხიდ-ბოგირი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჩატარდა. პროექტის ბიუჯეტმა 735 000 ლარი შეადგინა.