საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი გადის ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ხოლო მისი მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
აღნიშნული მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია. ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ. ლარამდეა.









