ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა და იმ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს საპარლამენტო პროცესების უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლიდან პარლამენტის წარმომადგენლები სკოლებში სისტემატური შეხვედრებისა და ღია გაკვეთილების მეშვეობით მოსწავლეებს საპარლამენტო ცხოვრებას გააცნობენ.
ზოგადი განათლების რეფორმაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. მისი შეფასებით, ზოგადი განათლების რეფორმა სასკოლო განათლების განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ბავშვების კეთილდღეობის, უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული წიგნის „ჩვენი პარლამენტი“ და ამავე სახელწოდების ანიმაციის პრეზენტაცია.
ასევე კონკურსის „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებისთვის მოეწყო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ღონისძიებას პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანი ბავშვებში სამოქალაქო ცნობიერებისა და საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღრმავება იყო.









