„ვფიქრობთ, მათ (ოპოზიციამ) პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა.
ალექსანდრე დალაქიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს, სადაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.