რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ჩვენი ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს, - ამის შესახებ რუსთავის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
„კოალიცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისგან შედგება, უკვე მეორე წელია რუსთაველების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებს. საკრებულოს თავმჯდომარის პასიური პოზიცია რომელიც პარტია საქართველოსთვის წევრია, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ მავნებლურ პოლიტიკას ამყარებს და რუსთავს განვითარების და პროგრესის რეალურ შესაძლებლობას უკარგავს.
ოპოზიციური გაერთიანება, რომლის მავნებლურ პოლიტიკურ ინტერესებსაც ეწირება რუსთავის ინტერესები, უკვე ორი წელია, მხოლოდ საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით, პოლიტიკური ნიშნით
თანამშრომლების დევნით და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებითა არის დაკავებული.
რუსთაველებს ახსოვთ, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა რუსთავის მერიის გუნდს და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“, რომ 2023 წელს, რუსთავი დამტკიცებული ბიუჯეტით და სწორად დაგეგმილი პროექტებით შეხვედროდა.
უკვე მეორე წელია, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვა ხდება საჭირო, ნებისმიერი ახალი სოციალური პროგრამის, თუ ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის საჭირო პროექტის დასამტკიცებლად.
პარალელურად, კი ოპოზიცია, რომელიც ქალაქში ინვესტიციების შემოსვლას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს ბლოკავს და პოლიტიკური ნიშნით დევნის საკუთარ თანამშრომლებს, არღვევს კანონს და იმ წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტს, სადაც ხალხის ინტერესების დასაცავად აირჩიეს.
მივმართავთ საკრებულოს ოპოზიციურ კოალიციას, შეწყვიტონ ის მავნებლური პოლიტიკა, რასაც რუსთაველები უკვე მეორე წელია, აკვირდებიან და დაკავდნენ საქმით, რისთვისაც მოსახლეობამ ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში აირჩია.
დღეს სხდომამდე დარჩენილია რამდენიმე საათი და მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე და ყველა ის საკითხი, რომელიც გაჩერებულია უკვე თვეებია და არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ იბლოკება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემები, გაიტანონ განსახილველად სხდომაზე და აიძულოს ოპოზიცია, შეწყვიტოს საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამის საშუალებას მას აძლევს რეგლამენტი და კანონი.
ქალაქში დღეს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ამას თითოეული რუსთაველი კარგად ხედავს, ჩვენ არ გვაქვს დრო ოპოზიციური საკრებულოს მახინჯ პოლიტიკურ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა, მოვუწოდებ კარგად გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა რუსთაველების წინაშე და მოგვცენ საშუალება ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი სარგებლობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძე.