აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში დეტალურად იყო წარმოდგენილი რეგიონში
განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, პრიორიტეტული მიმართულებები და განვითარების სტრატეგიული ხედვა.
მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2025 წელს აჭარას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც რეგიონში განხორციელებული მიზანმიმართული პოლიტიკის და სტაბილური გარემოს შედეგია.
სულხან თამაზაშვილმა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სფეროს პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, უმჯობესდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურა. მაღალმთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა, მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება კურორტ გოდერძიზე.
ასევე, დასრულდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპი, რითაც 582 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე ეტაპზე დამატებით 1077 ბინა მოეწყობა.
2025 წელს აჭარაში აშენდება 30 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70 სკოლას.
ახალგაზრდობის განვითარების მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭება ახალგაზრდულ ცენტრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამაში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2025 წელს ცალკე სამინისტროდ გამოეყო კულტურის სამინისტრო. ახალი სამინისტროს ძირითად მიზანს წარმოადგენს რეგიონის უნიკალური კულტურის შენარჩუნება და
განვითარება. 2025 წელს სამინისტროს მიერ დაგეგმილია 350-ზე მეტი კულტურული ონისძიების ჩატარება, რომელშიც 4000-ზე მეტი ადამიანი იქნება ჩართული.
სულხან თამაზაშვილმა, ასევე, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. 2024-2025 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, 2025 წლის ბიუჯეტი 19.2 მილიონი ლარით არის
გაზრდილი და 80.5 მილიონ ლარს შეადგენს.
მთავრობის მიზანია 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიეროს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები და ადგილობრივი ფერმერების შრომა სათანადოდ დაფასდეს.
2024 წელს ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ჯამში სუბსიდირება ჩაუტარდა 12 000 ტონამდე სამრეწველო მანდარინს და ექსპორტზე გავიდა 19 მილიონი დოლარის პროდუქცია.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, 2025 წელი იქნება პროგრესისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელშიც მთავრობა მოსახლეობის საჭიროებებსა და გამოწვევებზე მორგებული პოლიტიკით უპასუხებს.