სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 59 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. მათ შორის 14 ხანძრის და 45 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარების საკითხი.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 768 293 ლარი გამოეყოფათ.
შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 59-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწევა:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ - 4 ოჯახს:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ - 12 ოჯახს;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ - 9 ოჯახს;
- ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ - 3 ოჯახს;
- შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ - 9 ოჯახს;
- ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ - 22 ოჯახს.
მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად უკვე გამოყოფილია 3 707 475 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 595 ოჯახს.