საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, შუახევში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სოფელ ნიგაზეულში სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო მის ხსოვნას.
სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
დღესასწაულის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული ნამუშევრები. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიით მოქალაქეები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები.
სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავის აღსანიშნად დაფუძნდა, პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა.