მალე მაღალმთიან აჭარაში, ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლა და ახალი საფეხბურთო მოედანი გაკეთდება.  სამუშაოები უკვე დაწყებულია.

თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის სამ სართულიან შენობას 3 მეტრი სიმაღლის სარდაფი ექნება. შენობის სხვადასხვა სართულზე განთავსდება საჭიდაო, საჭადრაკო და სავარჯიშო, ასევე სატრენაჟორო დარბაზები, რომლის იატაკი ხმის საიზოლაციო და ვიბრაციის ჩამხშობი მასალით დაიფარება.

200 მაყურებელზე გათვლილ დარბაზში შესაბამისად მოეწყობა ტრიბუნები შშმ-პირთათვის და მედიისთვის.

შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა სამწვრთნელო, სამედიცინო ოთახებს. ასევე ევროსტანდარტების შესაბამისად  მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და საუნა.  მთელ შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსდება უსაფრთხოების კამერები, გათბობა-გაგრილების და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

 შენობის მიმდებარედ გაკეთდება 450 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი 90X60 საფეხბურთო მოედანი, რომელიც ფიფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

 მოედანი სპორტული LED სისტემით განათდება, ასევე მოეწყობა სადრენაჟე სისტემა, გაკეთდება ახალი, 6 მეტრი სიმაღლის ღობე. ობიექტი მთლიანად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი ძველი ნაგებობის დემონტაჟი და ტერიტორიის შემოღობვა დასრულებულია. გატანილია სამშენებლო ნარჩენები და მიმდინარეობს  ტერიტორიის მომზადება საძირკვლის მოსაწყობად.

 სამუშაოები აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დაკვეთთ  ხორციელდება.