ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები განმარტა. ​რეფერენტულ პრეპარატებს შორის არის ქრონიკული დაავადების სამკურნალო საშუალებები, ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა, ეპილეფსიის და დიაბეტის წამლები. რეგულირება ეხება ონკოლოგიურ მედიკამენტებსაც. ჯამში კი ფასები 5-იდან 40%-მდე შემცირდება.

„ზოგიერთ მედიკამენტზე იყო არაადეკვატურად მაღალი ფასი, რაც გამომდინარეობდა ამ მედიკამენტის ირგვლივ წარმოებულ მარკეტინგულ კამპანიაზე. ის ზღვრული ფასები უკვე შეზღუდავს ასეთი ფასწარმოქმნის შესაძლებლობას. იქნება ცალკე ზღვრული ფასი განსაზღვრული საბითუმო რეალიზატორისთვის და საბითუმო რეალიზატორიდან უკვე 15-იდან 35%-მდე მარჟის დამატების შესაძლებლობა ექნება საცალო ქსელს. კომპანიებს, რა საკვირველია, შესაძლებლობა აქვთ რჩებოდეთ გონივრული მარჟები“, - განმარტავს აზარაშვილი.