თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩვენ 5 წლის წინ გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც ღირსეული და პრინციპული იყო თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი „კაგებეშნიკი“ ვაშაძე არ გამხდარიყო. პრინციპული არა მარტო 2018-ში გაკეთებული არჩევანი იყო, პრინციპული იყო საქციელი 2023 წელს, როცა ჩვენ მიერ მხარდაჭერილ და დიახ, ჩვენს არჩეულ პრეზიდენტს არ ვაპატიეთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. მთელი 5 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მთავრობას ნებართვას სთხოვდა, მაგრამ ახლა, როდესაც ის ნელ-ნელა ნაციონალური მოძრაობის ლიდერად ყალიბდება და ალბათ 2024 წლის არჩევნებზე პირველ ნომრად მოგვევლინება მათ სიაში, მათი მხარდაჭერის იმედად გადაწყვიტა, რომ ნებართვის გარეშე მაინც წასულიყო საზღვარგარეთ, თუმცა იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დღესვე სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა.
„რა მოხდა გლდანში, ამას დაადგენს გამოძიება და ისევე, როგორც უკვე დასახელდა 6 ადამიანი, ასევე შესაძლებელია დასახელდეს ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც. ირაკლი ეძგვერაძემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, აგებს კიდეც პასუხს, მაგრამ დაბრალება ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე ან გუნდის წევრებზე - ეს არის, უბრალოდ, ცილისწამება“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.