"ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ფორუმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ როლს და მნიშვნელობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, დაკავშირებადობის კონტექსტში, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“.
„ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“, რომლის მთავარ თემატიკას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დაკავშირებადობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავარი მომხსენებელი, ე.წ. key note speaker პანელზე, რომელიც დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო დერეფნებთან. აღნიშნულ პანელზე ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის ტრანსპორტის ევროკომისარი, ისევე, როგორც ევროკომისიის გაფართოების და სამეზობლო საკითხების ევროკომისარი.

ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ფორუმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ როლს და მნიშვნელობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, დაკავშირებადობის კონტექსტში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.