„ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ის გააკეთილშობილებს, თუ უცებ აღმოჩნდება მათ წიაღში ვინმე ისეთი ტიპის და წონის პოლიტიკოსი, რომელმაც შესაძლოა საზოგადოების განწყობებში განცდა გააჩინოს, რომ მის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არა მგონია ვაშაძესთან ერთობამ რაიმე ტიპის ჩრდილი მიაყენოს მერაბიშვილ-კეზერაშვილის მმართველობას „ნაციონალურ მოძრაობაში“. არ არის ვაშაძე იმ პოლიტიკური წონის ფიგურა, რომ მან გადაწონოს გნებავთ ადეიშვილ-მერაბიშვილის ფაქტორი და გნებავთ თავად მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ის გააკეთილშობილებს, თუ უცებ აღმოჩნდება მათ წიაღში ვინმე ისეთი ტიპის და წონის პოლიტიკოსი, რომელმაც შესაძლოა საზოგადოების განწყობებში განცდა გააჩინოს, რომ მის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს - ეს ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ამ პროცესიდან მთავარი მოგებული არის თავად ვაშაძე, რადგან იმ პირობებში, როდესაც მას ინდივიდუალურად პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენის შემთხვევაში ბარიერის პრობლემა ექნებოდა, დღეს მას ეს პრობლემა აღარ ექნება.
მიხეილ სააკაშვილია მთავარი ფაქტორი მისი ამომრჩევლისთვის და მის ამომრჩეველს საერთოდ არ აინტერესებს სხვა გვარების და სახელების ადამიანები ვინ არიან. ეს ბევრჯერ ვნახეთ, ბევრჯერ დავრწმუნდით ამაში და უფრო მეტიც, მას თავადაც ეს ქვეყანა საერთოდ ვერ წარმოუდგენია თუ თვითონ არ იქნება მოვლენების ცენტრში. ყველაფერი რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკეთებს ეს ემსახურება იმ ამომრჩევლის დამაგრებას და გაჩერებას, რომელიც მათ ჰყავდათ ბოლო არჩევნებში. დღეს მათ სწორედ წასულების უკან დაბრუნება სჭირდებათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ვინც მიდის ის უკან ბრუნდება, მათი გათვლა ერთმნიშვნელოვნად საკუთარი ამომრჩევლისთვის ეს არის, რომ რღვევის და აპოკალიფსის განცდა რომ ჰქონდათ პარტიაში, ეს გაჩერდეს. ჩემი გაოცება ის იყო, რომ ისინი არ დაელოდნენ მელიას მოძრაობას, რადგან ბოლო კადრში მაინც განხეთქილება ექნებათ და მელია წავა, მაგრამ შესაძლოა, მეორე აქტიც აქვთ რომელიმე სხვა ყოფილი განაყოფის დაბრუნების. სააკაშვილმა რაც ძალიან კარგად იცის, სწორედ ეს იცის, რომ მთელ პოლიტიკურ ცხოვრებას ფოტო კადრად ხედავს და ბოლო კადრში არ დაუშვებს, რომ ისევ განხეთქილება იყოს“, - განაცხადა ხიდაშელმა.