მზად ვარ ვიყო სრულად თანამონაწილე ნებისმიერი დოკუმენტის მომზადებაში, ნებისმიერი პროცესის სრულყოფილებისთვის,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის სამუშაო პროცესი. საწყის ეტაპზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება და განწყობების გაზიარება ხდება. ამიტომ კონკრეტულ დოკუმენტზე არ გვისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ძალიან ღირებული. საქართველოს ევროპულ გზაზე სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯების და განსახორციელებელი რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია კონსენსუსი ვიპოვოთ, ერთიანობა ვიპოვოთ ყველა კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ევროპასთან დაგვაახლოებს. მეორე მხრივ კი, არჩევნებია ჩასატარებელი, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა სჭირდება, რათა საერთოდ, საარჩევნო პროცესში გამარჯვებულსა და დამარცხებულზე ვისაუბროთ. მზად ვარ, ვიყო სრულად თანამონაწილე ნებისმიერი დოკუმენტის მომზადებაში, ნებისმიერი პროცესის სრულყოფილებისთვის.
პრემიერმა ჯერ ბრიუსელიდან, შემდეგ გუშინ თბილისიდან გვითხრა, რომ 2030-ს უნდა დაველოდოთ - საქართველოს მთავრობის ამბიციები ნულოვანია. მზად უნდა ვიყოთ ხვალვე, თუ შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება და არა 27 წლის შემდეგ“,- განაცხადა ხიდაშელმა.