მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც „ცოცხალი ტროლების“ როლს ასრულებდნენ დღეს ამ დარბაზში, რატომ არ აძევებთ? - თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის გამოსვლის დროს, ვაშაძესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ბატონო შალვა [პაპუაშვილი], თქვენ რომ ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებით ამ დარბაზში, ვიცით. ჩვენ რომ დარბაზიდან გვაძევებთ ხოლმე კრიტიკული პოზიციების გამო, მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც "ცოცხალი ტროლების" როლს ასრულებდნენ დღეს ამ დარბაზში და ღია პროვოკაციას აწყობდნენ, რატომ არ აძევებთ? ასევე გეტყვით, რომ თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება“- მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს, სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერ დაპირისპირებაში, ასევე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძსც ჩაერთო, რომელმაც გიორგი ვაშაძისგან მოითხოვა პასუხი, თუ რატომ არ მოაწერა ხელი ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებას .