პრეზიდენტი სააკაშვილი იმიტომ ჩამოვიდა, რომ საკუთარი თავგანწირვით სხვებისთვის მიეცა მაგალითი და ეს გამხდარიყო დიდი ცვლილებების წინაპირობა - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა არა მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილის მხარდამჭერები, მიუხედავად მისი დევნილობაში ყოფნისა, წლიდან წლამდე ყოველთვის მოდიოდნენ არჩევნებზე, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, უზარმაზარი ზეწოლისა აძლევდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას, რადგან მთავარ ელექტორალურ წონას და მთავარი ცვლილების ძალას ხედავდნენ სწორედ მიხეილ სააკაშვილში. ის არ ჩამოსულა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების გამოძახილით, ეს მხარდაჭერა მას და მის პარტიას უკვე ჰქონდა. მან ნამდვილად საოცარი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა იმისთვის, რომ სწორედ საკუთარი თავგანწირვით მიეცა მაგალითი სხვებისთვის და ეს გამხდარიყო დიდი ცვლილებების წინაპირობა, თორემ ბუნებრივია, სამედიცინო მომსახურებისთვის საქართველოსი ნამდვილად არ ჩამოვიდოდა“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.