ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით, რაც არის არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟირება, მისი უფუნქციოდ დატოვება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„პარლამენტი მესამე დღეა, პარალიზებულია, არამცთუ კომისიის საკითხი, არამედ ყველა სხვა კანონის კენჭისყრაც ვერ ტარდება, რადგან შეშინებული უმრავლესობა უნდა გადაეფაროს სასამართლო კლანს, რომლის სანქცირება მოხდა აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების სახით. ეს უკვე ავლენს იმას, რისი დადგენაც კომისიას სურდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს.